სილქ როუდ ჯგუფმა ბათუმში მუნიციპალური პარკის მშენებლობა დაასრულა
.jpg)
„სილქ როუდ ჯგუფმა” ბათუმში დაასრულა მუნიციპალური პარკის მშენებლობა, რომელიც ბათუმს საჩუქრად გადასცა.
ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რეკრეაციული სივრცე ორგანულად ერწყმის ქალაქის გამწვანებულ ზღვისპირა ზოლს და ბათუმის ბულვარის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენს. ორ ჰექტარზე გადაჭიმული ტერიტორია განსაკუთრებული, ბუნებრივად არაერთგვაროვანი, ლანდშაფტით გამოირჩევა, რაც საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნებას ასახავს.
პარკი ღია ცისქვეშ სპორტული აქტივობისა და ხარისხიანი დასვენების მრავალფეროვნებას შესთავაზებს სტუმრებს. პარკის ინფრასტრუქტურა მოიცავს პადელის ორ კორტს, მინი ფეხბურთის მოედანს, გასართობ ზონებს, კომფორტულ დასასვენებელ სივრცეებს, საფეხმავლო და ველობილიკებს.
მუნიციპალური პარკი სილქ როუდ ჯგუფის მასშტაბური მულტიფუნქციური კომპლექსის – „სილქ თაუერსის “- საწყისი ეტაპი და მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელზეც ლეგენდარული იაპონელი არქიტექტორის, კენგო კუმას სტუდია მუშაობს.
გიორგი რამიშვილი, სილქ როუდ ჯგუფის დამფუძნებელი:
„ეს პარკი ჩვენი საჩუქარია ბათუმელებისთვის. მის დასაპროექტებლად მსოფლიოს წამყვანი ლანდშაფტის დიზაინერები მოვიწვიეთ. ეს ჩვენი დიდი პროექტის სილქ თაუერსის საწყისი ეტაპი და განუყოფელი ნაწილია. სილქ თაუერსის ტერიტორიაზე პარკის ინფრასტრუქტურა გაგრძელდება და წყლის სარკეები და გამწვანებული სივრცეები 6 ჰექტარზე გადაიჭიმება, მთელ სილქ თაუერსის პროექტში იქნება წარმოდგენილი ეს ლანდშაფტი, რაც, საერთო ჯამში, 10 ჰექტარამდე ტერიტორიას მოიცავს. ბუნებრივად მოხდება ბულვართან გადაბმა და დაუკავშირდება პორტის პრომენადებს. სილქ თაუერსის პროექტი ჰორიზონტალური გამწვანების გარდა, ასევე შენობების ვერტიკალურ გამწვანებას ითვალისწინებს და ეს ერთიანი კონცეფცია ძალიან შეცვლის გარემოს. გამწვანება აქ ჭარბადაა, ისევე როგორც წყალი, სწორედ ეს ქმნის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. წლის ბოლოს დასრულდება იახტკლუბის მშენებლობაც. პროექტის გენერალური გეგმა შეიმუშავა კენგო კუმას არქიტექტურულმა სტუდიამ. სილქ თაუერსის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 700 მილიონი აშშ დოლარია. დარწმუნებული ვართ, რომ ეს პროექტი დამატებით ხიბლს შემატებს ქალაქს და გახდება ბათუმის სავიზიტო ბარათი”.
პარკის ინფრასტრუქტურა კომპანია სილქ დეველოპმენტმა მოაწყო. განაშენიანების პროცესში შენარჩუნდა ადგილზე არსებული ყველა ხე და მცენარე, დაირგო 210-ზე მეტი სახეობის 600-ამდე ხე, 63,000-ამდე ბუჩქი და ყვავილოვანი მცენარე, რომელიც დროთა განმავლობაში ბათუმის გულში ახალ მწვანე ეკოსისტემად ჩამოყალიბდება. რეკრეაციული სივრცის დიზაინსა და კონცეფციაზე იმუშავა წამყვანმა დანიურმა კომპანიამ MASU Planning, რომელიც ცნობილია თავისი კომპლექსური მიდგომითა და გარემოზე ორიენტირებული დიზაინით. პარკის მოწყობის ინვესტიცია 4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.